
20 ივლისს, 10 საათზე საქართველოს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია "პიონერფილმის" დელეგაცია რაჭა – ლეჩხუმში გაემგზავრა. მოგზაურობა სტუდია "პიონერფილმის" პროექტის "ვასილ ამაშუკელის ფილმის აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში" ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული ფილმი, მსოფლოში პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით არის ცნობილი, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა. მასში ასახულია აკაკი წერეთლის – დიდი მგოსანის მოგზაურობა რაჭა – ლეჩხუმში (ქუთაისის სასტუმრო "გრანდ ოტელიდან" 13 ეტლის თანხლებით). ფილმის მსგავსად, სწორედ 100 წლის შემდეგ, პიონერფილმელებმა ეს გზა გაიარეს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ცაგერის, ონისა და ამბროლაურის ადგილობრივ მოსახლეობასთან (მოსწავლეებთან). თავიანთი მოგზაურობა და შთაბეჭდილებები ფილმის სახით გადაიღეეს, რომლის პრეზენტაცია 2012 წლის ოქტომბერში, ქ. ქუთაისში კინოთეატრ "რადიუმში" შედგება.
აღსანიშნავია, რომ ამ მოგზაურობისთვის "პიონერფილმის" მოსწავლეებმა საგულდაგულოდ გადაიმეორეს აკაკის შემოქმედება, ნახეს ფილმები "ვასილ ამაშუკელი", "აკაკის აკვანი", შეხვდნენ პატარა აკაკის როლის შემსრულებელს ომარ ჩიტაიას. ასევე შეხვედრა გამართეს კინორეჟისორ რევაზ ჩხეიძესთან, ჩაატარეს პოეზიის საღამო მთაწმინდის პანთეონში, მოამზადეს სპეციალური ბანერები.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პიონერფილმის მოსწავლეები, სტუდიის ხელმძღვანელი, სასახლის პედაგოგები, კინოთმცოდნე ვასილ ამაშუკელის ფილმის "აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში" აღდგენა რესტავრაციის ერთ–ერთი ავტორი მარინა კერესელიძე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი გოგი დოლიძე.
პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა თაობებში ქართული ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას, ზოგადი ცოდნის მიღებას, ძველი ტრადიციების შენახვასა და პატივისცემას.