ტრენინგები დამწყები ჟურნალისტებისათვის
21 ივლისი 2012 წ.

10 – 20 ივლისს სსიპ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რადიოჟურნალისტიკის კაბინეტმა ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, დაბა წყნეთში, მასწავლებელთა კულტურისა და დასვენების სახლში, ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ჟურნალისტიკის ზოგადი კურსი“. მონაწილეები ათი დღის განმავლობაში გაეცნენ ჟურნალისტიკის ისეთ საფუძვლებს, როგორებიცაა კომუნიკაციები და წერის ტექნიკა, მეტყველება და ინტერვიუს მომზადება, ინფორმაციის მოძიება და წყაროები.

 

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მოემზადებინათ სიუჟეტები, ჩაეწერათ ინტერვიუები (ინტერვიუ ჩაიწერა ნუგზარ კვაშალთან) და მონტაჟის სპეციფიკას დაეუფლებოდნენ. ტრენინგი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ზემოაღნიშნულ საკითხებზე სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან (ნინო ჭალაგანიძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მარინა ვეკუა – თავართქილაძის სახ. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის ხელმძღვანელი) მოწვეული სპეციალისტები და მედია წარმომადგენლები (ITV.ge, Media.ge, კვირის პალიტრა, რუსთავი 2, ონლაინ გაზეთი, ტრენინგებისა და პროექტების ცენტრი „სიტისი“) ატარებდნენ.

 

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში ასახეს. ჩაწერეს ინტერვიუ ნუგზარ კვაშალთან, მოამზადეს სიუჟეტი და შექმნეს გაზეთი სახით სახელწოდებით „13 აზრი“. მონაწილეებმა ყველა ის საკითხი და სპეციფიკა გამოიყენეს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას და ზოგადად წერის ტექნიკას ეხება. დასრულებისთანავე წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.