|
ამერიკული კუთხის ბანაკი "მხიარული ზაფხული"
![]() 23 ივლისი 2012 წ.
![]() 23 ივლისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ამერიკული კუთხის 2012 წლის საზაფხულო ბანაკი "მხიარული ზაფხული" გაიხსნა. ბანაკში 30 ქართველ მოსწავლესთან ერთად, პირველად ამერიკული კუთხის ისტორიაში (ამერიკული კუთხე უკვე მესამე წელია, რაც საზაფხულო ბანაკს აწყობს) აშშ-ს სხვადასხვა შტატის უნივერსიტეტების ათი სტუდენტი იყო ჩართული. მათ კურირებდა ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ჯეიმს ჰილი. ორკვირიანი ბანაკი მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებს, ასევე გასვლით პროგრამებს (სიღნაღი, მცხეთა, თბილისის სხვადასხვა მუზეუმები, პრეზიდენტის სასახლე....) აღსანიშნავია, რომ თბილისის ამერიკული კუთხე ამ პროექტის ორგანიზატორია.
ბანაკი ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა და პირველი დღე ქართველი და ამერიკელი ახალგაზრდების გაცნობას დაეთმო. ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები, სასახლის დირექცია და ბანაკის მონაწილე მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე როგორც ქართველმა, ისე ამერიკელმა სტუმრებმა ისაუბრეს ამერიკული კუთხისა და საზაფხულო ბანაკის მნიშვნელობაზე და მონაწილეებს ბანაკის გახსნა მიულოცეს.
საზაფხულო ბანაკში მონაწილეები სხვადასხვახვა სახის ღონისძიებებს აწყობდნენ. ამზადებენ პრეზენტაციებს სხვადასხვა მნიშვნელოვან და მათთვის საინტერესო ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ამერიკული ლიტერატურა, ისტორია, კულტურა, ხელოვნება, პოლიტიკა. ამ საკითხების მოძიებასა და დამუშავებაში მათ დახმარებას უწევს ბანაკში მოწვეული, ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ჯეიმს ჰილი.
საზაფხულო ბანაკის ფარგლებში მონაწილეებმა თავიანთ უცხოელ თანატოლებს ქართული კულტურა და ხელოვნება გააცნეს. კერძოდ, ესტუმრნენ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, გაემგზავრნენ სიღნაღსა და მცხეთაში. ქართველმა წევრებმა ამერიკელ მეგობრებს ამ ორი ქალაქის ისტორია და ღირსშესანიშნაობები გააცნეს.
8 აგვისტოს საზაფხულო ბანაკი „მხიარული ზაფხული“ ოფიციალურად დაიხურა. დასკვნით ღონისძიებას ა.შ.შ–ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც წარჩინებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. რაც შეეხება უცხოელ სტუდენტებს, მათ ამერიკული კუთხისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
ღონისძიების დასასრულს ამერიკული კუთხის კოორდინატორმა და საელჩოს წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი სახის პროქტები მომავალშიც გაგრძლდება.
|








