დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული
29 აპრილი 2013 წ.


სასახლეში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები გამართეს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტმა, სასახლის ამერიკულმა კუთხემ და გეოეკოლოგიის წრემ.

 

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები თემაზე: ,,მე მიყვარს დედამიწა!" კაბინეტთან არსებულმა (იტალიური სკოლა) კლუბ ,,შეაღე ბუნების კარი"-ს წევრებმა მოაწყვეს ნარჩენი მასალებისგან დამზადებული კაბებისა და აქსესუარების ჩვენება. ამავე კაბინეტის მოსწავლეებმა ,,მომავლის სახლის" აღსაზრდელებთან ერთად მოაწყვეს ინსტალაციების-კომპოზიციებისა, ფოტოების გამოფენა. ბავშვებმა სასახლის ეზოში დარგეს აზალიები.

 

სასახლის ამერიკულ კუთხეში, გაიმართა ე.წ ,,მრგვალი მაგიდა" თემაზე - ,,კლიმატური ცვლილებების თანამედროვე სახეები". მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საინტერესო თემატური პრეზენტაციები. ასევე, მათ ,,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტისა" და ,,დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების" სახელოსნოს მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინეს სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენა, სადაც კონკურსის პირობის თანახმად, გამარჯვებულები გამოვლინდა facebook-ის მოწონებათა რაოდენობის მიხედვითა და ჟიურის გადაწყვეტილებით. საპრიზო ადგილის მფლობელებს გადაეცათ სერთიფიკატები და წამახალისებელი პრიზები.

 

29 აპრილს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის - გეოეკოლოგიის წრის აღსაზრდელებმა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ხეების დარგვის აქციით დახურეს.

 

აქციისათვის  საჭირო ინვენტარი და 10 ძირი ელდარის ფიჭვი სასახლეს საჩუქრად გადმოსცა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ.

 

დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 22 აპრილიდან  29 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.