მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის - 2013“
14 ივნისი 2013 წ.


14 ივნისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის - 2013" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით წელს მეხუთედ ჩატარდა. მისი ორგანიზატორები საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური", თბილისის 24-ე საჯარო სკოლა და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე იყვნენ.


კონკურსი, რომლის მიზანი განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით გამორჩეული ბავშვების ადრეულ ასაკში გამოვლენაა, ორ ტურად ჩატარდა (2 ივნისს - 1-ლი ტური და 8 ივნისს - მე-2 ტური), მასში მონაწილეობდნენ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები. პირველ ტურში 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, მეორე ტურში 160 მონაწილე გადავიდა. გამარჯვებულებს სიგელები, I, II, III ხარისხის დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

 

სასახლის მათემატიკის წრის წევრებიდან განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია მე-4 კლასის მოსწავლე ალექსი ბერიშვილმა, რომელმაც I ხარისხის დიპლომი და ფასიანი საჩუქარი დაიმსახურა.

 

გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა: თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და ინფორმატიკის სკოლის ხელძღვანელმა, პროფესორმა ამირან ამბროლაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა კობა გელაშვილმა, შავი ზღვის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების ხელმძღვანელმა   გიორგი მანდარიამ და სხვ.