|
სასახლის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ტრენინგი
16 სექტემბერი 2013 წ.
![]() 2013 წლის, 20 ივლისიდან 30 ივლისამდე, წყნეთის პედაგოგთა დასასვენებელ სახლში ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა 18-მა მოსწავლემ გაიარა ტრენინგ-კურსი „ტელე-რადიო ჟურნალისტიკა".
ტრენინგის ორგანიზატორი იყო საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის კაბინეტი.
10 დღის მანძილზე სხვადასხვა ტელე-რადიო კომპანიების პრაქტიკოსი ჟურნალისტები და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები ტრენინგის მონაწილეებს მასტერ კლასებს უტარებდნენ.
მოწვეული იყვნენ პროფესორები: თავართქილაძის უნივერსიტეტი - მარინა ვეკუა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ნინო ჭალაგანიძე; ჟურნალისტები: ტელეკომპანია რუსთავი 2 - დავით ქაშიაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - ლევან ჯობავა, მეცხრე არხი - თამთა სანიკიძე, პირველი რადიო - ნოდარ მელაძე, რადიო ,,ფორტუნა" - ნათია ხუროშვილი, media.ge - ნატა ძველიშვილი, ფონდ ,,ინტერნიუსის" მედიამკვლევარი - ანი იასაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თამარ კობახიძე, CISV საქართველოსა და EMT-ის ტრენერი თეა მხეიძე.
ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ საქმიანობას. მონაწილეებმა აიღეს ინტერვიუები, მოამზადეს სიუჟეტები, მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაციის წყაროები, ისწავლეს აუდიომონტაჟი და სხვა.
ტრენინგის ბოლო დღეს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკული გამოყენების მიზნით მონაწილეებმა მოამზადეს გადაცემა, სადაც მოწვეული იყო მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი.
სასწავლო გარემოს გარდა, შექმნილი იყო ყველანაირი პირობა სასიამოვნო დასვენებისთვის. საღამოობით მონაწილეები სხვადსხვა სახალისო და გასართობ აქტივობებს თავად გეგმავდნენ და ახორციელებდნენ.
ტრენინგის ბოლოს სერთიფიკატები გადაეცათ მონაწილეებს კურსის წარმატებით გავლისთვის. მათ პედაგოგეგბს გაეგზავნათ მადლობის ფურცლები ტრენინგში მონაწილეების ხელშეწყობისა და ჩართვისთვის.
|









