ვორქშოფი _ მცირეტექსტიანი ხელნაკეთი წიგნების შექმნა
04 აპრილი 2014 წ.


3 აპრილს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში სასახლის ბიბლიოთეკამ თავისი მკითხველების, თბილისის 50-ე და 47-ე საჯარო სკოლებისა და არაქართული სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა ვორქშოფი თემაზე ,,მცირეტექსტიანი საბავშვო ილუსტრირებული წიგნების შექმნა".

 

სემინარი მიზნად ისახავდა მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებას, გუნდური მუშაობის პრინციპის გამომუშავებას, ტექსტთან მუშაობის უნარისა და შემოქმედებითი ფანტაზიის განვითარებას.

 

მოსწავლეები დაიყვნენ გუნდებად და გაეცნენ მცირეტქესტიანი წიგნების შექმნის სპეციფიკას.

 

სემინარის მსვლელობის პროცესში ბავშვებმა წიგნებისთვის  სიუჟეტები შექმნეს, რაშიც მათ ვორქშოფზე მიღებული ცოდნა - ტექსტების შექმნის ერთგვარი ,,ტექნიკა" დაეხმარა (შემთხვევითი შერჩევის პრიციპით ნაწარმოების გმირების არჩევა: მთავარი გმირი, გმირის მეგობარი, გმირის მტერი, მოქმედების ადგილი და საშუალება).

 

ვინაიდან წიგნები მცირე ფორმატსა და დაბალ ასაკობრივ ჯგუფზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, ვორქშოფის მონაწილეებმა მოახდინეს მათ მიერ შექმნილი ტექსტების ადაპტირება და წიგნის სასურველ ფორმატზე მორგება, ამის შემდეგ კი - თითოეული გვერდის ილუსტრირება-დასურათება. საბოლოო ეტაპს წიგნის აკინძვა და ყდის დიზაინი წარმოადგენდა.

 

პრაქტიკული სემინარის დასასრულს, თითოეულმა გუნდმა საკუთარი წიგნის პრეზენტაცია გამართა.

 

სემინარის ფარგლებში სულ რვა მცირეტექსტიანი წიგნი შეიქმნა. მოსწავლეები მოკლე დროში გაეცნენ წიგნის შექმნის პროცესს, ასევე მათ გუნდური მუშაობის კარგი გამოცდილება მიიღეს.