სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში
10 მაისი 2014 წ.


10 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა   68-ე სასწავლო-შემოქმედბითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით მოქმედი  საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეების (სახლები) და ცენტრების წრის  VIII_XII კლასების მოსწავლეებმა. საუკეთესო ნაშრომთა (სხვადასხვა დარგში) ავტორები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სახის დიპლომებით.


სულ კონფერენციაზე შემოვიდა 3805 ნაშრომი. პირველი ხარისხის ჯილდოზე წარადგინეს 437 მოსწავლე, მეორეზე - 1636, სიგელი გადაეცა 1556 თემის ავტორს. მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც დაჯილდოვდნენ, რომლებიც სისტემატურად მონაწილეობდნენ კონფერენციის მუშაობაში.


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას სასახლის კონფერენციაში. მიმდინარე წელს აკადემიის სიგელით დაჯილდოვდა 8 მოსწავლე.


წელს პირველად გაიმართა სასახლის სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვეს 10 მოსწავლე;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სიგელით _ 7 მოსწავლე.


აღსანიშნავია, რომ სასახლის კონფერენციაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.


წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას დაემატა კიდევ ერთი სექცია_სპორტის სექცია, შესაბამისად სასახლის 68-ე კონფერენციაზე 29 სექციამ მიიღო მონაწილეობა.


საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს,  რომლის მიზანია  ხელი შეუწყოს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების, აღზრდა-განათლების, შრომისუნარიანობის გამოვლენას. დამოუკიდებელი საქმიანობის, თვითგამოხატვის და საკუთარი ნააზრევის წარმოჩენას.