ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სასახლეში
01 ივნისი 2014 წ.


1 ივნისს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ, როგორც ქვეყნის მასშტაბით არაფორმალური განათლების ყველაზე დიდმა ორგანიზაციამ, ტრადიციულად სპეციალური ღონისძიებებით აღნიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. 14 სათიდან სასახლის ბაღში გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიება.


ღონისძიება გაიხსნა სასახლის სტუდია ,,პიონერფილმის" მისალმებითა და ,,ფოტოგამოფენით" - წარმოდგენილი იქნა ნამუშევრები ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე.


სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტმა მოაწყო ,,ბავშვების ნამუშევრების გამოფენა" (ხატვა-ფერწერა, გობელენი, ხეზე კვეთა, ჭედურობა, ქარგვა, მაკრამე) - წარმოდგენილ იქნა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის 8-14 წლამდე ასაკის აღსაზრდელების ნამუშევრები, შესრულებული ყველა იმ მხატვრული ტექნიკით, რომელიც შეისწავლება სასახლეში. საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის ხელმარჯვე ეთნოგრაფებმა ხალიჩისა და ფარდაგის ქსოვის, თექის მოთელვისა და ქარგვის ტექნოლოგიების, ასევე ხალხური თოჯინებისა და მცენარეული საღებავებით დაფერვის ტრადიციული წესების გამოყენებით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა გამართეს.


სასახლის ბაღში განთავსდა 4 მაგიდა, რომელზეც სასახლის ჭადრაკის წრის აღსაზრდელებმა გამართეს ტურნირი.


შემეცნებით თამაშობათა კაბინეტმა წარმოადგინა სპორტული შეჯიბრი - მხიარული სტარტები, რაც მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის, კალათბურთი, ბაგირის გადაწევა, წინააღმდეგობების დაძლევა. 


დღის განმავლობაში სასახლის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „მზიურისა"  და თანამედროვე სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ "გაზაფხულის" შესრულებით წარმოდგენილი  იყო კონცერტი.