სასახლეში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
22 ოქტომბერი 2014 წ.


საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. სასახლის ბაღში ანსამბლმა "მზიურმა" საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა, რის ფონზეც, სახელმწიფო დროშა აღიმართა. ახალი სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებს სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა, სასახლის პედაგოგმა გრიგოლ ჩიგოგიძემ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა მიულოცეს.


წელს პირველად, ქეთევან ფეიქრიშვილის ინიციატივით, წოდება "წარმატებული სასახლელი" დაწესდა. ღონისძიებაზე პირველად აღნიშნული წოდების დამადასტურებელი სიგელები გადაეცათ "პალიტრა მედიის" კრეატიულ დირექტორს - მარიკა დარჩიას, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს - დავით ლორთქიფანიძესა და ქორეოგრაფ - ომარ მხეიძეს.


ასევე პირველად გამოვლინდნენ "წლის წარმატებული სასახლელები". აღნიშნული წოდების დამადასტურებელი სიგელი 22 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა.


ღონისძიების დასასრულს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს სასახლის ანსამბლებმა "თამარიონი, "მზიური" და თანამედროვე ცეკვების ანსამბლმა "გაზაფხული".