ქართული საბავშვო წიგნის დღე
28 ოქტომბერი 2014 წ.


27 ოქტომბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში სასახლის ბიბლიოთეკის ინიციატივით გაიმართა ქართული საბავშვო წიგნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.


ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები _ საბავშვო მწერლები: გივი ჩიღვინაძე, ვასილ გულეური, თინათინ ჭეჟია, ჟურნალ „დილის" წარმომადგენელი თამარ ნინიკაშვილი, 53- ე სკოლის მეორე კლასის მოსწვალეები და მათი პედაგოგი, ირმა მალანია.  სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ უძველეს ქართულ საბავშვო გამოცემებს, საბავშვო პერიოდიკას, აგრეთვე თანამედროვე გამომცემლობების მიერ გამოცემულ ქართულ საბავშვო წიგნებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი გამოფენაზე.


მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ბავშვებს უამბეს ქართული საბავშვო წიგნის ისტორიის, მისი განვითარებისა და ქართული საბავშვო წიგნის დღის დაარსების შესახებ. პატარებმა წაიკითხეს ქართველი ავტორების ლექსები.


შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერი, იაკობ გოგობაშვილის დაბადების დღეა და 2006 წლიდან საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის (მწერლების მარიამ წიკლაურის და ირმა მალაციძის) ინიციატივით ამ დღეს აღინიშნება ქართული საბავშვო წიგნის დღე.


სამკითხველო დარბაზში ასევე გაიმართა წიგნების გამოფენა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.