ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრება
09 ნოემბერი 2014 წ.


9 ნოემბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-17 შეკრება.

 

ღონისძიების ინიციატორი საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ფოლკლორის კაბინეტი იყო. მხარდამჭერები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის დეპარტამენტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის განყოფილება.


შეკრება მიზნად ისახავდა დაეხმაროს ხალხური სიტყვიერების ნიმუშთა მოძიებით, კვლევითა და სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებასა და თავიანთი საქმიანობის წარმოჩენაში.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო, კერძო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, სასახლეებისა და სხვა სკოლისგარეშე აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა VI-XII  კლასის მოსწავლეებმა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა.


მსგავსი ტიპის შეკრება პირველად 1970 წელს ჩატარდა სასახლესთან არსებული "ქართული ენის საუნჯის" მიერ, სადაც წარმოდგენილი იყო 10 ნამუშევარი.

დღეისათვის ამ რიცხვმა ასს გადააჭარბა.


სასახლის თეთრ დარბაზში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ მოსწავლეთა ნამუშევრები (ნაქარგი, ნაქსოვი, ნახატი, თექისა და ქეჩის ნაწარმი და სხვა). ასევე სექციურ სხდომებზე მოსწავლეებმა მათ მიერ მოპოვებული ხალხური სიტყვიერების ნიმუშები (ზღაპარი, ლექსი, ანდაზა, გამოცანა და სხვა) წაიკითხეს, რომელიც მეცნიერ - ფოლკლორისტებმა შეაფასეს.


ღონისძიების დასკვნით ეტაპზე სარკეებიან დარბაზში მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ხოლო წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სიგელებით.