|
რეგიონალური ფორუმი
14 ნოემბერი 2014 წ.
![]() 13-14 ნოემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების დაწესებულებების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოცდათვრამეტი რეგიონის სამოცდათექვსმეტმა წარმომადგენელმა.
პირველი დღე დაეთმო ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების პრეზენტაციას, სადაც ოცდაოთხმა გამომსვლელმა წარადგინა ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა არაფორმალური სწავლების პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დისკუსიის შედეგად გადაწყდა, რომ აუცილებელია შენარჩუნდეს სკოლისგარეშე დაწესებულება, როგორც მრავალპროფილიანი სასწავლო-სააღმზრდელო, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო-შემოქმედებითი დაწესებულება, რომელშიც დანერგილი და გამოყენებული იქნება არაფორმალური განათლების ელემენტები, ფორმები და მეთოდები.
-უნდა შემუშავდეს განვითარების ერთიანი სტრატეგია, განხორციელდეს ერთობლივი საქმიანობა და გრძელვადიანი პროექტები.
-უნდა მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას, რათა მის მიერ პრიორიტეტად გაცხადებულ მიმართულებათა პარალელურად (როგორიცაა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა თუ განათლება), ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილოს სკოლისგარეშე დაწესებულებების, როგორც მრავალპროფილიანი, სასწავლო-სააღმზრდელო, სპორტული დაწესებულებების საქმიანობა.
რეგიონების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს პრობლემებზე, როგორიცაა სათანადო შენობის უქონლობა, ავტონომიურობა და საკუთარი ფინანსური განკარგვის უფლება, საკუთარი კადრების შერჩევის უფლება, მწირი დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
ფორუმის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ძირითადი მიზანია მხარეების ხელთ არსებული რესურსების საშუალებებით სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, ერთობლივი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი პროექტების მომზადება და განხოციელება, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება.
მემორანდუმის დოკუმენტი მომზადდა საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით.
ფორუმზე არჩეულ იქნა თერთმეთკაციანი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც კონტროლს გაუწევს ზემოთაღნიშნული მემორანდუმის შესრულებას.
ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი. |











