შეხვედრა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილე საქართველოს ნაკრებ გუნდებთან
03 დეკემბერი 2014 წ.


2 დეკემბერს, სსიპ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კომპიუტერულმა სტუდიამ სასახლის ლექტორიუმში საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილე საქართველოს ნაკრებ გუნდებთან შეხვედრა გამართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადების მონაწილე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა და მათმა ხელმძღვანელებმა, ეროვნული ოლიმპიადების ჩატარებასა და ნაკრებების მომზადებაში ჩართულმა ორგანიზაციებმა; ყოფილმა ოლიმპიელებმა; ინფორმატიკით, მათემატიკით, ფიზიკით, ბიოლოგიითა და ქიმიით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა თბილისის სკოლებისა და სკოლისგარეშე დაწესებულებებიდან, ასევე პედაგოგებმა და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.


საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდები წელს მონაწილეობდნენ ინფორმატიკის, მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებზე. ამ ოლიმპიადებზე ქართველმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი.

 

ღონისძიების მიზანი იყო ფართო საზოგადოებისათვის და განსაკუთრებით, მოსწავლე ახალგაზრდობისთვის საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადების მონაწილე წარმატებული მოსწავლეების გაცნობა; ახალგაზრდებში საფუძვლიანი ცოდნის მიღების ინტერესის,  ოლიმპიადებში მონაწილეობის მოტივაციის ამაღლება და ზოგადად,  საქართველოში საგნობრივი ოლიმპიადების პოპულარიზაციაა.