მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ერთობლივ სასწავლო პროგრამებს განახორციელებენ
15 იანვარი 2015 წ.


15 იანვარს,  საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს  თანამშრომლობას  მწვანე საფარის აღდგენა-განახლების და სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროებში, შეხვედრების ორგანიზებას, სემინარებს და ერთობლივ სასწავლო პროგრამებს,  კონსულტაციებს  გარემოს დაცვის სფეროში, გარემოს აღდგენა-გაუმჯობესებისა და დაცვის ერთობლივი ღონისძიებებს, შეხვედრებს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს სასახლის აღსაზრდელთა ცნობიერების ამაღლებას და ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციას, ბავშვების ჩართულობას „მწვანე ღონისძიებებში." კულტურული შემეცნებისა და აქტივობის გაზრდას, გარემოს მოვლისა და მოფრთხილების თვალსაზრისით.

 

პარლამენტში სტუმრად სასახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტის 150-მდე აღსაზრდელი, პედაგოგები და სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი იმყოფებოდნენ. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებ, მათ შორის დღეს ყველაზე აქტუალურ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესებზე.  შეხვედრის დასასრულს მან მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.