რეჟისორ გოგი თოდაძის შემოქმედებითი საღამო
23 თებერვალი 2015 წ.

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ გოგი თოდაძის შემოქმედებითი საღამო „ჩვენ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ" გაიმართა. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სკოლა-სტუდია „ბერიკების" სამხატვრო ხელმძღვანელი 90-მდე სპექტაკლის დამდგმელი  რეჟისორია საქართველოს წამყვან თეატრებში, მათ შორის, ისეთი ცნობილი სპექტაკლებისა, როგორიცაა „ეზოში ავი ძაღლია", „ისევ ვოდევილები", „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში" და სხვა.

 

სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა ბატონ გოგი თოდაძეს სასახლის კოლექტივის სახელით შემოქმედებითი წარმატება და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა. „დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ხართ"- ასე მიმართა მან სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელს.

 

კოლეგამ, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ, სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლის „მერანის" ხელმძღვანელმა რეზო ჭანიშვილმა გოგი თოდაძის მრავალმხრივ შემოქმედებით მოღვაწეობაზე, ქართული კულტურის წინაშე მის განსაკუთრებულ დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოგი თოდაძე საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის საპატიო წევრად იქნა არჩეული.

 

პედაგოგს დიდი მადლიერებით მიესალმნენ მისი აღზრდილები, მოწაფეები, რომლებსაც  მან თეატრალურ სცენაზე პირველი ნაბიჯები გადაადგმევინა, ხელოვნებისკენ გაუკვალა გზა: მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, მომღერლები გიორგი სუხიტაშვილი, გიგი გეგელაშვილი... საღამო მსახიობებს თამრიკო ბუხნიკაშვილსა და გიორგი ყორღანაშვილს მიჰყავდათ. სასახლის პედაგოგებმა სამხატვრო ხელმძღვანელს შემოქმედებითი გამარჯვებები, „მადლიერი აღსაზრდელ-აღზრდილები და თანამოაზრეები" უსურვეს.

 

საინტერესო და მრავალფეროვანი შემოქმედებითი საღამო სასახლის თეატრალურმა სახელოსნომ წარმოადგინა (პედ.ზ.გაბელია), რომელშიც მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები, გოგი თოდაძის მოწაფეები მონაწილეობდნენ. წარმოდგენას ლაიტმოტივად გასდევდა ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის უკვდავი ფრაზა: „ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ!"