„შეუზღუდავი მეგობრობა“
27 თებერვალი 2015 წ.

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში რეზო თაბუკაშვილის სახელობის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობის კაბინეტის ინიციატივით, სასახლის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან - „შეუზღუდავი მეგობრობა".

 

პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივი მიმღებლობისა და მათი აქტიურობის, სოციუმში მეტი ჩართულობის მხარდაჭერაა, ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება, მოსწავლეების დამეგობრება და მსგავსი შეხვედრების ტრადიციად ქცევა. პროექტს აქტიური მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა სასახლის აღზრდილმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა თამთა სანიკიძემ.

 

სასახლის რეზო თაბუკაშვილის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობის კაბინეტის, კლუბის „გზა ევროპისკენ" წევრებმა სტუმრებს სასახლისა და კაბინეტის მდიდარი ისტორია და ამჟამინდელი საქმიანობა გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. უფლებადამცავმა, მოძრაობის "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" თავმჯდომარემ გიორგი ახმეტელმა,  უფლებადამცავმა  და სპორტსმენმა  მერაბ დუკაშვილმა, მარიკო კობახიძემ (სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი") საკუთარ საქმიანობასა და მიზნებზე, ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე,  საზოგადოებაში მიმღებლობის პრობლემაზე ისაუბრეს. სპიკერები იყვნენ  ნანა ბრეგვაძე და ესმა გუმბერიძე (უსინათლოთა კავშირი), მადონა ფოლადაშვილი, ნინო დევიძე, ესმერალდა იაკობაშვილი (ყრუთა კავშირი), ლია ტაბატაძე (კავშირი „ჩვენი ბავშვები"). შეხვედრის შემდეგ გაიმართა კონცერტი სტუმრებისა და მასპინძლების მონაწილეობით.