|
,,ქალები - მშვიდობის ელჩები“
![]() 10 მარტი 2015 წ.
![]() 10 მარტს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე სკვერში გაიმართა აქცია-კონცერტი ,,ქალები - მშვიდობის ელჩები". ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სსიპ კინოცენტრი ,,აფხაზეთი" (პროექტის კოორდინატორი როზა მირცხულავა) და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
აქციის წამყვანმა, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ქეთევან ბოიკომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების ჩართულობაზე ისაუბრა. გამოთქვა სურვილი, მეტმა ქალმა შეძლოს თვითრეალიზაცია, თვითდამკვიდრება საზოგადოებაში.
სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა ისაუბრა მშვიდობის კონცეფციაზე, ქალბატონებს დღესასწაულები მიულოცა და მშვიდობა უსურვა: „მშვიდობა შემოვიდეს თქვენს გულებში, გონებასა და სულში და სამუდამოდ დაისადგუროს. ვინაიდან ქალბატონები ყველგან მშვიდობის ელჩები და მოსურნეები ვართ - სახლში, გარეთ, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკოსი ქალია საჭირო, რომ დედამიწაზე ერთხელ და სამუდამოდ ომი აღარ იყოს".
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ ქართველი ქალის როლზე ისაუბრა: ქართულ მენტალიტეტში ქალს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ამაზე მეტყველებს სიტყვები: „დედაენა", „დედაბოძი", „დედაქალაქი", ქალი მშვიდობის სიმბოლოა, მისი მატარებელი, ქართველი ქალი მზადაა შვილების სიცოცხლეც კი შესწიროს ქვეყნის მთლიანობასა და თავისუფლებას, მნიშვნელოვანია, რომ დღეს მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ბავშვები მშვიდობის თემაზე ხატავენ.
ამერიკელმა პროფესორმა კიმბერლი კროუფორდმა აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია, აქტიური და ძლიერი ქალების გარეშე შეუძლებელია საზოგადოება სრულყოფილი და შემდგარი იყოს. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პროფესორმა სალომე კაპანაძემ, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა რაისა ქარაიამ. აფხაზმა ჟურნალისტმა ირმა ოსიამ აფხაზურად გაუგზავნა გზავნილი თანამემამულეებს, მსახიობმა ლილი ხურითმა-ოსურად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნდობის აღდგენისა და შერიგების მინისტრის მოადგილემ მანანა ანუამ უკრაინელ დევნილ ქალბატონებს მიმართა. აქციის პარალელურად მოეწყო მშვიდობის თემაზე შექმნილი ბავშვთა ნახატების გამოფენა, ასფალტზე ხატვა ,,ქალი, გაზაფხული და მშვიდობა", სტუმრების გამოკითხვა და სამშვიდობო სურვილების შეგროვება, ინტერვიუების აღება მოწვეული ქალბატონებისაგან, ხელმოწერები სამშვიდობო ეტრატზე: „სადაც ჩვენ ვართ, იქ მშვიდობაა". კონცერტში მონაწილეობდნენ სასახლის ანსამბლები- „მზიური", „გაზაფხული", „თამარიონი", აფხაზეთის სკოლების ანსამბლები, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობა. კონცერტი დასრულდა სიმღერით "ჩვენ ვართ მსოფლიო" ვოკალურ- ინსტრუმენტულ ანსამბლ „მზიურის" შესრულებით.
|













