|
მთარგმნელთა 48-ე საქალაქო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
![]() 18 მარტი 2015 წ.
![]() 18 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მთარგმნელთა 48-ე საქალაქო კონკურსის წარმატებული მონაწილეები და გამარჯვებული თარგმანის ავტორები დაჯილდოვდნენ. ეროვნული სასახლის დირექტორის მოადგილემ მაია ჩიმაკაძემ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და გამარჯვებულები სასახლის მადლობის ფურცლითა და სიგელებით დააჯილდოვა. აღინიშნა, რომ წლევანდელი კონკურსის ნამუშევრები მაღალი დონით გამოირჩეოდა. რამდენიმე კონკურსანტს სიგელი ორი ენიდან შესრულებული თარგმანისათვის მიენიჭა, მათ შორისაა კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, თბილისის 1-ლი კლასიკური გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლე ანასტასია კალატოზიშვილი. ღონისძიება დეკანოზმა იოანე ჩიგოგიძემ დალოცა. კინოსტუდია „პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ მოსწავლეებს წარუდგინა „პიონერფილმის" ფილმები: „მე თბილისელი ვარ" და „მებადური და ოქროს თევზი", რომელმაც ალ. პუშკინის დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველი ადგილი აიღო.
ტრადიციული კონკურსი ამჯერადაც ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულსა და რუსულ ენებში ჩატარდა. სასახლის უცხო ენების კაბინეტის (ხელმძღვანელი პედ. ნანა ბუდაღაშვილი) მიერ ჩატარებულმა კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მასში თბილისის საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების 145 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში მხატვრული თარგმანის უნარ-ჩვევების გამოვლენა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა, როგორ ართმევენ მოსწავლეები თავს მხატვრულ თარგმანს, მათ მიერ უცხო ენებისა და მშობლიური ენის ფლობის დონე.
|











