|
„დედამიწის საათი“
![]() 28 მარტი 2015 წ.
![]() 28 მარტს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ ბაღში აქცია „დედამიწის საათი" გაიმართა. „ჩააქრე სინათლე ერთი საათით, გამორთე ყველა ელექტრომოწყობილობა, აჩუქე ერთი საათი დედამიწას" - ამ სლოგანით აღინიშნება „დედამიწის საათი" მთელ მსოფლიოში. აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას მოუწოდეს, ერთი საათით (და მეტით) გამორთონ ელექტროენერგია და ამით წვლილი შეიტანონ დედამიწის გადარჩენაში, გლობალური დათბობისა და სხვა არასასურველი ეკოლოგიური პროცესების შესაჩერებლად. სასახლის აღსაზრდელებმა ამ დღისა და მისი მნიშვნელობისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საქართველოს ისტორიის და ეთნოგრაფიის კაბინეტის, გეოეკოლოგიის წრის (პედ. ეკა ელიზბარაშვილი) მოსწავლეებმა ამ დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს კლიმატის ცვლილების საკითხზე, იმ პრობლემებზე, რასაც გლობალური დათბობის პროცესი იწვევს და მისი შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მომავალი თაობა უნდა გაუფრთხილდეს დედამიწას, რათა ბუნება თუნდაც დღევანდელი სახით შენარჩუნდეს. შეკრებილებს მიმართეს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა ბაკურ ბერიტაშვილმა, გეოგრაფმა პროფესორმა სოფო თურმანიძემ; ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლები. აქციის მხარდასაჭერად გამოვიდნენ სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი "გაზაფხული", ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "მზიური". აქციის მიმდინარეობისას, მოსწავლეებმა ასფალტზე დახატეს ეკოლოგიის თემაზე, გაიმართა ფოტოგამოფენა. სიმბოლური ათვლის შემდეგ, სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია გამოირთო, ანთებული სანთლებით გამოისახა 60+. აქციის მონაწილეები მოსახლეობას მოუწოდებდნენ: „სახლიდან გასვლისას ჩააქრეთ შუქი! „,მაქსიმალურად გამოიყენეთ ბინის ბუნებრივი განათება". აღსანიშნავია, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე წელს მესამედ შეუერთდა ამ აქციას. ღონისძიების მასშტაბი გაფართოვდა, მასში სასახლის სხვადასხვა კაბინეტის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რაც მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. |








