საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე
03 აპრილი 2015 წ.

3 აპრილს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ეს დღე, ტრადიციულად, მთელ მსოფლიოში აღინიშნება  ცნობილი დანიელი მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით.

 

საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასახლის ბიბლიოთეკის წრის მოსწავლეები, მკითხველები და თბილისის 53-ე, 165-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები. შეხვედრის მონაწილეებმა მსოფლიოს უდიდესი მეზღაპრის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, მის გავლენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების მოზარდების მსოფლმხედველობაზე. თბილისის 53-ე საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა ცნობილი ზღაპრის  „თოვლის დედოფალი"  მიხედვით შექმნილი სპექტაკლი  წარმოადგინეს,  შემდეგ კი სკოლების გუნდები ერთმანეთს ანდერსენის ნაწარმოებების ცოდნაში შეეჯიბრნენ და ორივე გუნდმა ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვა;  მოზარდებს აჩვენეს ნაწყვეტები ანდერსენის ზღაპრების  მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმებიდან. სტუმარმა, მწერალმა მაია კარსელმა ბავშვებს ეს დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. დასასრულს, საღამოს მონაწილეები სასახლის სიგელებითა და ანდერსენის სიმბოლური მედლებით დაჯილდოვდნენ.