ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი საღამო
07 აპრილი 2015 წ.

2015 წლის  7 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიდი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას  გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო „ავსა და კარგსა კაცისას, როდი ივიწყებს სოფელი" გაიმართა, რომლის ორგანიზატორი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის პედაგოგი ქეთევან არზიანი იყო. ეს მნიშვნელოვანი თარიღი მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ღონისძიებაში საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სხვადასხვა კაბინეტის მოსწავლეები და მუსიკალური კოლექტივები მონაწილეობდნენ. სასახლის „ლიტერატურის მოყვარულთა" წრის, ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის, მხატვრული კითხვის წრის  მოსწავლეებმა  ვაჟას ცხოვრებასა და  შემოქმედებაზე ისაუბრეს;  წაიკითხეს მისი  ლექსები, ფრაგმენტები პუბლიცისტური წერილებიდან ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურსა და ბერძნულ ენებზე, ვაჟას ნაწარმოებების გმირები გაააცოცხლეს. აღინიშნა, რომ ვაჟა- ფშაველა მსოფლიო დონის მწერალია, რომელიც სანთლის შუქზე ქმნიდა შედევრებს და რომლის შემოქმედების ზედმიწევნით ცოდნა მომავალი თაობისათვის მუდამ აქტუალურია. 

 

დარბაზში  გამოიფინა სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის აღსაზრდელთა ნამუშევრები: პორტრეტი, ქანდაქება, ჭედური ხელოვნება, ბარელიეფი, გობელენი. ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციაში მონაწილეობდნენ სასახლის ხალხურ საკრავთა  ანსამბლი,  მომღერალი ირმა სოხაძე,  სასახლის პედაგოგი და აღზრდილი მაკა ბურდული, ანსამბლი „ქართველები", დიდი მწერლის შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი.