|
მოსწავლეთა 69-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია
![]() 21 აპრილი 2015 წ.
![]() 19 აპრილს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა 69-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეებისა (სახლები) და ცენტრების VIII - XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და შიდა ქართლში მოქმედი საჯარო სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სექციური სხდომები გაიმართა; 27 სექციაში მოსწავლეებმა მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში შექმნილი ნაშრომები წარმოადგინეს. სექციების სხდომებზე მონაწილეთა ნამუშევრები შეაფასეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, თსუ - „საბავშვო უნივერსიტეტის" ხელმძღვანელმა მარინე ლომოურმა, მათემატიკოსმა, პროფესორმა თემურ ვეფხვაძემ, ჟურნალისტებმა ოლღა ბაბლუანმა, შალვა რამიშვილმა, თბილისის ავსტრიული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა მზია გალდავაძემ, სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა. კონფერენციის შემაჯამებელი ეტაპი - დახურვა სასახლის ლექტორიუმში გაიმართა. სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა ამ 70 წლიანი ტრადიციის მქონე წამოწყების დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა მომავალი თაობის შესაძლებლობებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების უნარის წარმოჩენის საქმეში, მოსწავლეებს კიდევ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. აუდიტორიას სიტყვით მიმართა, სასახლეში გატარებული წლები გაიხსენა სასახლის აღზრდილმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ; აღინიშნა, რომ მზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა ვლადიმერ პაპავას „წარმატებული სასახლელის" საპატიო სიგელი გადასცა. სასახლის აღზრდილმა, პროფესორმა თემურ ვეფხვაძემ, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნუგზარ კანდელაკმა, საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა თამრიკო ჯაბადარმა წარმატებები უსურვეს გამარჯვებულ მოსწავლეებს, საუკეთესო ნაშრომების ავტორები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების წამყვანები იყვნენ მედია სტუდია „დროს" აღსაზრდელი ნათია კობახიძე და სასახლის სასწავლო-შემოქმედებითი და საერთაშორისო პროექტების კაბინეტის პროექტების კოორდინატორი ლევან დვალი. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედია სტუდია „დრომ" და სტუდია „პიონერფილმმა" კონფერენციის ამსახველი ვიდეოდღიურები წარმოადგინეს. დასასრულს მომღერალ ირმა სოხაძის კონცერტი გაიმართა.
|











