|
აკაკი ხორავას იუბილე
![]() 18 მაისი 2015 წ.
![]()
უდიდეს ქართველ მსახიობსა და პედაგოგს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთ დამაარსებელს აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდა. 17 მაისს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური სახელოსნოს (პედაგოგი ინეზა აბესაძე) აღსაზრდელებმა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგეს აკაკი ხორავას, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედება წარმოაჩინეს. იუბილეს საქართველოს დამსახურებული არტისტი გრიშა წიტაიშვილი უძღვებოდა, ღონისძიების ორგანიზატორი და რეჟისორი- მაია ბურდული. რუსთაველის თეატრის ინგლისში გასტროლებისას, აკაკი ხორავას ოტელოს როლმა სპექტაკლში „ოტელო" მსოფლიო აღიარება მოუტანა. ღონისძიების მონაწილეებმა შექსპირის გმირები განასახიერეს, აშშ-დან ჩამოსულმა მოსწავლემ ნიკა -თორნიკე გრიგოლიამ ვენეციელი მავრი ინგლისურად წარმოაჩინა, დეზდემონა სასახლის აღსაზრდელი მარიამ მირიანაშვილი გახლდათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი მსახიობები ქეთევან კიკნაძე, ზანდა იოსელიანი, ელგუჯა ბურდული. აკაკი ხორავას შემოქმედების წარმოჩენისთვის სასახლის აღსაზრდელებს, ანასტასია და ნიკოლოზ გაბარაშვილებს მსახიობმა ზანდა იოსელიანმა სიგელი გადასცა. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ინეზა აბესაძე თავად აკაკი ხორავას აღზრდილია, მასთან ერთად თეატრალური ინსტიტუტის პირველ კინო სამსახიობო ჯგუფში არაერთი ცნობილი არტისტი, ხელოვანი სწავლობდა: გოჩა აბაშიძე, იმედო კახიანი, ზურაბ ქაფიანიძე, მანანა მაჩაბელი, ჯუმბერ ჯანდიერი, მზია მაღლაკელიძე, ალექსეი ერმოლოვი და სხვები.
|











