ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სასახლეში
01 ივნისი 2015 წ.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, როგორც ქვეყნის მასშტაბით არაფორმალური განათლების ყველაზე დიდი ორგანიზაცია, ტრადიციულად, სპეციალური ღონისძიებებით აღნიშნავს. სასახლის ბაღში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა; შედგა სასახლის 2014- 2015 სასწავლო წლის ოფიციალური დახურვა.

ღონისძიება გაიხსნა საქართველოს ჰიმნით. სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა ბავშვებს ეს დღე მწერალ გივი ჭიჭინაძის ლექსით მიულოცა, რომლის მემორიალური დაფაც სიმბოლურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიხსნა. სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტმა გამოფინა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების ნამუშევრები (ხატვა-ფერწერა, გობელენი, ხეზე კვეთა, ჭედურობა, ქარგვა, მაკრამე), შესრულებული ყველა იმ მხატვრული ტექნიკით,  რომელიც სასახლეში ისწავლება. საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის ხელმარჯვე ეთნოგრაფები ხალიჩისა და ფარდაგის ქსოვის, თექის მოთელვისა და ქარგვის ტექნოლოგიების, ასევე ხალხური თოჯინებისა და მცენარეული საღებავებით დაფერვის ტრადიციული წესების გამოყენებით შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს.  

სასახლის ბაღში, საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელებმა მინი-ტურნირი გამართეს. გაიმართა კონცერტი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუსიკალური,  ქორეოგრაფიული ანსამბლების: „მზიური" „ლაშქარი" „გაზაფხული" „თამარიონი" და სხვ. მონაწილეობით. ღონისძიების დასასრულს ანსამბლმა „მზიურმა" შეასრულა სიმღერა: „ჩვენ ვართ მსოფლიო".

სასახლის აღსაზრდელები ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებაში: გლდანის პარკში- ანსამბლები „მზიური", „საუნჯე", ქორეოგრაფიული ანსამბლები, შემეცნებით თამაშობათა სტუდია; სამგორის პარკში -ანსამბლი „გაზაფხული" და ა.შ.