|
ნორჩ მხაზველთა რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება
![]() 07 ივნისი 2015 წ.
![]() 7 ივნისს მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა ნორჩ მხაზველთა და არქიტექტორთა 52-ე რესპუბლიკური კონკურსის დასკვნითი ტური - გამოფენა - დაჯილდოება სასახლის საინჟინრო გრაფიკისა და არქიტექტურის კაბინეტის წრის (ხელმძღ. ნარი სვიანაძე) მოსწავლეთა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის მონაწილეობით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო თბილისის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, თელავის და გორის სკოლების 138-მა მოსწავლემ, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ ბათუმისა და თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები, აქედან გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრიზით 2 მოსწავლე - თორნიკე თვალაძე და ჰაროლდ სააკიანი დაჯილდოვდნენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის I ხარისხის დიპლომით - 59 მოსწავლე, II ხარისხის დიპლომით- 22 მოსწავლე, სასახლის სიგელით- 14 მონაწილე. პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომით - კონკურსის 23 მონაწილე. ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო საგამოფენო ნამუშევრების წარმდგენი მოსწავლეები. სასახლის მადლობის ფურცელი 6 -მა პედაგოგმა დაიმსახურა. სასახლის მუზათა მოედანზე გაიმართა გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, შეფასება და საუკეთესოთა გამოვლენა - დაჯილდოება. მოსწავლეების დაჯილდოებისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა სიმონ ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ წელს კონკურსზე მეტად საინტერესო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა დიდ ინტერესსა და გულმოდგინებას იჩენს ხაზვა -არქიტექტურის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ნორჩ მხაზველთა კონკურსი 1964 წლიდან იმართება, ამ წამოწყების ინიციატორები სასახლის ხაზვის კაბინეტის გამგე ქეთევან გიორგაძე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, მხაზველობითი გეომეტრიის კათედრის გამგე სერგო ბურჭულაძე, მოგვიანებით პროფესორი ანზორ შავგულიძე გახლდნენ. კონკურსი ყოველწლიურად, თავდაპირველად საქალაქო, შემდეგ კი რესპუბლიკური მასშტაბით ტარდება.
|










