|
„ჩვენ არ გემშვიდობებით, მხოლოდ გეუბნებით - ნახვამდის!“
![]() 10 ივნისი 2015 წ.
![]() 10 ივნისს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში უცხო ენების კაბინეტის გერმანულენოვანი თეატრისა და გერმანული ენის წრის საანგარიშო საღამო, მე-12 კლასელების გაცილება - "ჩვენ არ გემშვიდობებით, მხოლოდ გეუბნებით - ნახვამდის!" გაიმართა. გერმანული ენის წრის პედაგოგმა და აღსაზრდელებმა ამ სასწავლო წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს, რომლის აქტიური მონაწილეები იყვნენ წლევანდელი კურსდამთავრებული- ნინო ფიჩხაია, ბექა ქადაგიშვილი, თამთა ანდრაზაშვილი. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო სცენები გერმანულენოვანი სპექტაკლებიდან, მოსწავლეებმა ფრიდრიხ შილერის, თომას მანის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს გმირები შესანიშნავად განასახიერეს. ასევე, მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე მხატვრულად ქართული და გერმანული პოეზიის ნიმუშები, ჰაინეს, შილერის, ვაჟა-ფშაველას, კონსტანტინე გამსახურდიას, მურმან ლებანიძისა და სხვა კლასიკოსების ნაწარმოებები წაიკითხეს. სასახლის აღსაზრდელებმა შეასრულეს ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის გენიალური მელოდიები. გერმანული ენის წრის პედაგოგმა ქეთევან მებონიამ აღნიშნა, რომ ეს საღამო მათი ანგარიშია საზოგადოების, კოლეგების, მშობლების წინაშე, რომ გერმანული ენა უდიდესი მწერლობის, ფილოსოფიის, ისტორიოგრაფიის ენაა და მომავალი თაობის მიერ მის შესწავლას სათანადო მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს. საღამოს ესწრებოდნენ გერმანული ენის წრის აღზრდილები, პროფესორი, საერთაშორისო მიმომხილველი ნუგზარ რუხაძე, მსახიობი ლამზირა ჩხეიძე და სხვ. გამომსვლელებმა ამ წრისა და თეატრის მნიშვნელობაზე, მიღწევებზე ისაუბრეს და მომავალი წარმატებები უსურვეს პედაგოგსა და მოსწავლეებს. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გერმანულენოვანი ლიტერატურულ-დრამატული წრე უკვე ოცდაათ წელზე მეტია არსებობს და ყოველი წლის ბოლოს მაყურებელს სხვადასხვა სპექტაკლს უჩვენებს.
|











