„ლექსი თვითონ მწერს“
12 ივნისი 2015 წ.

12 ივნისს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თოჯინების თეატრის დარბაზში გაიმართა სასახლის თეატრალური სახელოსნოს პოეზიის თეატრის სპექტაკლი „ლექსი თვითონ მწერს" (რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონ - გრუზინსკი, პედაგოგი ასმათ ქურციკიძე), რომელიც პოეტ ტიციან ტაბიძის დაბადების 120 -ე წლისთავსა და რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის 125-ე წლისთავს ეძღვნება. სპექტაკლი საინტერესო სცენოგრაფიით, კომპოზიციით გამოირჩეოდა. სასახლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ტიციან ტაბიძის პოეზია, ბორის პასტერნაკის ლექსების ქართული თარგმანები, პასტერნაკის მიერ თარგმნილი ტიციანის „ლექსი მეწყერი", პასტერნაკის წერილები ტიციან ტაბიძის ოჯახისადმი, ქართველი ცისფერყანწელებისადმი, ასევე, მწერლების ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდები, სადაც კარგად ჩანს მათი განსაკუთრებული შემოქმედებითი და პირადი ურთიერთობა. 

ქართველ „ცისფერყანწელებსა" და ნობელის პრემიის ლაურეატ რუს მწერალს ხანგრძლივი შემოქმედებითი, ლიტერატურული ურთიერთობა, მეგობრობა აკავშირებდათ; პასტერნაკმა საქართველოს არაერთი ლექსი მიუძღვნა, თარგმნა ქართველი პოეტების - ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას. აკაკი წერეთლის, ტიციანის ტაბიძის და სხვების ნაწარმოებები.