|
ჟურნალ "Online თაობის" პრეზენტაცია
![]() 22 ივნისი 2015 წ.
![]() 22 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მარმარილოს დარბაზში გაიმართა ჟურნალ "Online თაობის" პირველი ნომრის პრეზენტაცია, რომელიც მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია "დროს" ბეჭდური/ Online ჟურნალისტიკის წრის წევრებმა გამოსცეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ ჟურნალის გამოცემა მეტად მნიშვნელოვანი წამოწყებაა, ამ ჟურნალით „Online თაობამ" თავისი სათქმელი, თავისი სიტყვა თქვა; მოზარდები თვითონ არჩევდნენ, რა თემატიკა, პრობლემა წამოეწიათ წინ. თბილისში, სტიქიის შედეგად განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა კორექტივები შეიტანა ჟურნალში, მისი პრეზენტაციაც ნაკლებად პომპეზურად აღინიშნა. მედია სტუდია „დროს" ხელმძღვანელმა, პროექტის იდეის ავტორმა და ინიციატორმა თინათინ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს არის გამორჩეული ჟურნალი მოზარდებისთვის, რომელიც თვითონ მოზარდებმა შექმნეს და საზოგადოების ყურადღება მათი თაობისთვის აქტუალურ საკითხებს მიაპყრეს: „მადლობა ყველას, ვინც სული და გული ჩადო ამ გამოცემაში, სასახლის ხელმძღვანელობას, ჟურნალის მთავარ რედაქტორს, განსაკუთრებით, მოზარდებს, რომელთაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოთ „პატარა პროფესიონალი ჟურნალისტები"; აღსანიშნავია, რომ ჟურნალს ჰყავს რეგიონული კორესპონდენტები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების განყოფილების წარმომადგენლები: რუსუდან საგინაშვილი და გიგა ტყეშელაშვილი. ასევე თსუ რექტორის მრჩეველი და „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის" ხელმძღვანელი მარინა ლომოური. საქართველოს სახალხო არტისტმა, ქორეოგრაფმა, ომარ მხეიძემ, უხუცესმა სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, სხვა გამომსვლელებმა სასახლეში გატარებული წლები გაიხსენეს, წარმატებები უსურვეს ჟურნალის გამომცემლებს, ახალბედა ჟურნალისტებს. ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა თამარ ნინიკაშვილმა, მედიასტუდია „დროს" აღსაზრდელებმა ჟურნალი, მისი სტატიები წარადგინეს, საინტერესოდ ისაუბრეს მათი შექმნის ისტორიასა და იმ ცვლილებზე, რაც ჟურნალში თბილისში სტიქიის შედეგად განვითარებულმა ტრაგიკული მოვლენების შემდეგ შევიდა. სასახლის აღსაზრდელებმა თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი ჟურნალი გამოსცეს, რომელშიც წარმოდგენილია: მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის, ქეთევან ფეიქრიშვილის მილოცვა, ინტერვიუ ქალაქ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, პუბლიკაცია სასახლის აღზრდილი წარმატებული ადამიანების, „წარმატებული სასახლელების" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას, ჰოლდინგ „პალიტრა მედიას" კრეატიული დირექტორის, ჟურნალისტ მარიკა დარჩიას, ქორეოგრაფ ომარ მხეიძის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის შესახებ; ასევე, მედიასტუდია „დროს" ოქროს ფონდში დაცული ინტერვიუ მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელთან, ინტერვიუ მუსიკალური ჯგუფის „გამოუვალი მდგომარეობის" წევრებთან, საზოგადოებრივი რადიოს დილის გადაცემის „პიკის საათისა" და მედიასტუდია „დროს" მასთან თანამშრომლობის ისტორია, რეგიონული კორესპონდენტების წერილები, სტატია სასახლის ისტორიულ როიალზე „მუზათა მოედანზე" ფსიქოლოგ ნაირა ძიძიგურის რჩევები და სხვ.
|












