|
მათემატიკური კონკურსი "იმედი ხვალის"
![]() 18 ივნისი 2015 წ.
![]() 18 ივნისს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში მათემატიკური კონკურსის "იმედი ხვალის" გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება სასახლის კომპიუტერული სტუდიის (ხელმძღვანელი ლია შენგელია), ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურის", თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის ორგანიზებითა და მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. შეკრების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თბილისში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას. მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება; აღნიშნა, რომ დღეს ყველა თბილისელი, მთელი საზოგადოებაა დაზარალებული და ქვეყნისათვის ამ მძიმე დღეებში კონკურსის სახელწოდება „იმედი ხვალის" კიდევ უფრო აქტუალური და სიმბოლურია, მან მომავალ თაობას, კონკურსის მონაწილეებს წარმატებები და ხვალინდელი დღის იმედი უსურვა. ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრის "მზიურის" დირექტორმა გია თოდრიამ და დარგის სხვა სპეციალისტებმა, მათემატიკასა და ინფორმატიკაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ახალგაზრდებმა ამ კონკურსის მნიშვნელობასა და ამოცანებზე, ნიჭიერი მოზარდების გამოვლენის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათემატიკური კონკურსის სხვადასხვა ხარისხის დიპლომები, სიგელები მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 7-მა წარმატებულმა მოსწავლემ: მარიამ მგელაძემ, შოთა შანიძემ, დათო ტოგოევმა, ანასტასია ქართველიშვილმა, გაბრიელ აბაზაძემ, ნიკოლოზ კიკვაძემ, ირაკლი აბუთიძემ დაიმსახურა. კონკურსში მონაწილე 500 მოსწავლიდან მეორე ტურში 165 გადავიდა, აქედან პირველი ხარისხის დიპლომი 11 მონაწილეს გადაეცა, მეორე ხარისხის - 23-ს , ხოლო მესამე ხარისხის - 42-ს, კონკურსის 89 მონაწილემ სიგელი დაიმსახურა. გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები, წიგნის მაღაზიის ვაუჩერები, კომპიუტერის აქსესუარები. სპეციალური პრიზები დემირელის სახელობის კოლეჯმა, სხვა კერძო სასწავლებლებმა და კერძო პირებმა, ბიზნესმენებმა დააწესეს.
|












