ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლა სასახლეში
01 ივლისი 2015 წ.

29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში მედიასტუდია „დროს" ორგანიზებით VII - XII კლასის მოსწავლეებისთვის ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებდა. 

სკოლის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, შეეძინათ ჟურნალისტური უნარ-ჩვევები, რათა  შეძლონ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება და დამუშავება, რესპოდენტთან ურთიერთობა და კითხვების სწორად დასმა, გამართულად წერა-მეტყველება. ჟურნალისტიკის  საზაფხულო სკოლაში ტრენინგები ჩაატარეს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელებმა და წამყვანი ტელე-რადიო კომპანიების  ჟურნალისტებმა: გ.თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, ჟურნალისტმა მარინა ვეკუამ, საბავშვო გამომცემლობა "დილას" აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ნინიკაშვილმა,  საზოგადოებრივი რადიოს დილის პროგრამა "პიკის საათის" პროდუსერმა ეკა ტალახაძემ, მსახიობმა ანი იმნაძემ, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა  შალვა რამიშვილმა და სხვებმა; მათ  ჩაატარეს ტრენინგ-სემინარები  ბეჭდური, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, პრაქტიკული სწავლებები: გაზეთის მომზადება, რადიოგადაცემის წაყვანა, სატელევიზიო სიუჟეტის გადაღება, თოქ-შოუს მომზადება, ინტერვიუს აღება, მეტყველების კულტურა, სასწავლო პროცესი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.  

დასასრულს, მონაწილე ჯგუფებმა გამართეს თავიანთი ნამუშევრების, აქტუალურ თემებზე გადაღებული რეპორტაჟების პრეზენტაცია, მათი ნამუშევრები ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა შეაფასა. სკოლის მონაწილეებს ტრენინგ-კურსის წარმატებით გავლისთვის  გადაეცათ სერთიფიკატები.

საზაფხულო სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სექტემბრიდან, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია „დროსთან" ერთად სხვადასხვა თემებზე მოამზადონ სიუჟეტები, რომლებიც რადიოსა და სატელევიზიო ეთერით გავა.