
18 სექტემბერს, 5 საათზე მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში გაიმართა სტუდია „პიონერფილმის" ხელმძღვანელის, კულტურის
დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის გრიგოლ ჩიგოგიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო. შეკრებილი საზოგადოება დეკანოზმა იოანე ჩიგოგიძემ დალოცა. ყოფილმა მოსწავლეებმა, კოლეგებმა, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს „პიონერფილმის" ხელმძღვანელს და მის ხანგრძლივ, მრავალმხრივ საქმიანობაზე ისაუბრეს. საღამოზე აჩვენეს მისი მოსწავლის, მარიკა თოფურიას სადიპლომო ნამუშევარი, ფილმი „გრიშა მასწ..", რომელიც მის ცხოვრებასა და საქმიანობას, მოწაფეებთან განსაკუთრებულ ურთიერთობას ეხება; ითქვა, რომ მრავალი ჯილდოს და წოდების მიუხედავად, პედაგოგის ყველაზე დიდი ჯილდო მისი მოსწავლეებია. „პიონერფილმის" ხელმძღვანელს დაბადების დღე მიულოცეს რეჟისორებმა გოგა ოსეფაშვილმა, ვიტალი ჯანიკაშვილმა, ირაკლი დონაძემ, მომღერალმა ენრიკე ჯანელიძემ, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ, ქუთაისში რეზო ჩხეიძის მუზეუმის მენეჯერმა ინეზა ავალიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „პიონერფილმის" დიდი მეგობრის, რეჟისორ რეზო ჩხეიძის მუზეუმი უახლოეს ხანში გაიხსნება, სხვა გამომსვლელებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების პროგრამების განყოფილების უფროსი ვერიკო ხელისუფალი, ამავე განყოფილების წარმომადგენელი რუსუდან საგინაშვილი.