„მირანგულას“ საიუბილეო საღამო
16 დეკემბერი 2015 წ.

16 დეკემბერს,   მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში  ვაჟთა    ფოლკლორულ   ანსამბლ  ,,მირანგულას" საიუბილეო საღამო,   საზეიმო კონცერტი გაიმართა.  წელს ანსამბლ  „მირანგულას"  დაარსებიდან 40 წელი და მისი ხელმძღვანელის,  რესპუბლიკის  დამსახურებული არტისტის  ქეთევან  შინდაგორიძის 80 წლის იუბილეა.

წამყვანებმა, „პიონერფილმელმა" ეთერ ფარჩუკიძემ, „მირანგულას" წევრმა ჯაბა ჯანაშიამ   ისაუბრეს ანსამბლის ხანგრძლივ  ისტორიასა და  მის  დიდ შემოქმედებით წარმატებებზე. ანსამბლმა ,,მირანგულამ" შეასრულა ხალხური სიმღერები, საგალობლები. ანსამბლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა ბრწყინვალედ  შეასრულეს ქართული ფოლკლორის შედევრები, არიები ოპერებიდან. კოლეგებს იუბილე მიულოცეს სასახლის შემოქმედებითმა კოლექტივებმა, ანსამბლებმა;  უჩვენეს  სტუდია „პიონერფილმის" (ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე) ფილმი, რომელიც    ანსამბლ  „მირანგულას" შემოქმედებას ეძღვნება.  

 იუბილარ ანსამბლს, მის ხელმძღვანელს  მიესალმნენ და შემოქმედებითი  წარმატებები უსურვეს  თბილისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში სასახლის წინ „მირანგულას"  ვარსკვლავი გაიხსნება.  სიტყვით გამოვიდნენ   კომპოზიტორი, პროფესორი გომარ სიხარულიძე, სასახლის ყოფილი დირექტორი ზურაბ ლომიძე, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი გივი მუნჯიშვილი, საოპერო მომღერალი თამაზ საგინაძე და სხვები. საზეიმო  საღამო  ფოიერვერკით დასრულდა.