|
სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვა
![]() 03 იანვარი 2016 წ.
![]() 3 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თავზე, იმ ისტორიულ ადგილას, სადაც 1918 წლის 26 მაისს აღიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა, საზეიმო ვითარებაში აფრიალდა ქვეყნის ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშა, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე. დროშა აღმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა, საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ სასახლის პედაგოგები, სტუდია „პიონერფილმის" მოსწავლეები. ეს ღონისძიება მიეძღვნა იმ მნიშვნელოვან ფაქტს , რომ სასახლე განახლებული და მეტად კეთილმოწყობილი, შეცვლილი- განახლებული სახურავით, ბავშვებისათვის მეტად კომფორტული გარემოთი შეეგება საიუბილეო, 2016 წელს. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიული თვალსაზრისით, უნიკალური შენობა წლების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო, მისი სახურავი, ათეული წლებია, არ შეკეთებულა, რის გამოც ზიანდებოდა შენობის მდიდარი და ბრწყინვალე ინტერიერი. აღსანიშნავია, რომ წელს სასახლის ადმინისტრაციის ინიციატივით, თბილისის მერიის დიდი დახმარებითა და ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა მისი ისტორიული ნაწილის, პირველი შენობის სახურავის საფუძვლიანი შეცვლა-განახლება, რაც ფაქტობრივად, ამ უნიკალური შენობის გადარჩენის ტოლფასია. ეს დიდი საჩუქარია ყველა სასახლელისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის, მითუმეტეს, რომ 2016 წელს სასახლეს, რომელსაც უდიდესი მისია აკისრია - შემოქმედებითი და მიზანსწრაფული მომავალი თაობის აღზრდა, 75 წელი უსრულდება!
|












