საღამო „ვეცნობით ირანს“
08 თებერვალი 2016 წ.

 

8 თებერვალს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 37-ე წლისთავისადმი, ირანის ისლამური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ვეცნობით ირანს". მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტისა (ხელმძღვანელი ქეთევან გელაშვილი) და ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების ღონისძიების მიზანი გახლდათ ირანის ისლამური რესპუბლიკის უკეთ გაცნობა; კაბინეტის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ამ თემისადმი მიძღვნილი მრავალმხრივი პრეზენტაცია, ისაუბრეს ქართულ-ირანულ ურთიერთობებზე, ორი ქვეყნის დიპლომატიურ კავშირებზე, დღევანდელი ირანის მიღწევებზე, გაგვიზიარეს ამ ქვეყანაში მიღებულ შთაბეჭდილებები, წაიკითხეს სპარსი კლასიკოსების: ომარ ჰაიამის, საადის შედევრები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, - გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად... კაბინეტის მოსწავლე ელენე ნოზაძე სპარსულ ენაზე მიესალმა სტუმრებს, შეასრულა სიმღერა „ჯანე მარიამ". 

საღამოში მონაწილეობდნენ ირანელი პიანისტი დიანა ასლანი, სასახლის მუსიკალური, ქორეოგრაფიული ანსამბლები, რომლებმაც სტუმრებს საინტერესო მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს. 
შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და ქართულ-ირანული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს ირანის ისლამური რესპუბლიკის დესპანმა საქართველოში მოჰსენ ქებრიაიზადემ, ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა მოჯთაბა ქამრანფარდიმ, მათ დიდი მადლობა გადაუხადეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელმძღვანელობას გულითადი მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის. სტუმრებს მიესალმა მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი, მან ირანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში, ირანელი მოზარდები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან მსგავს ერთობლივ კულტურულ ღონისძიებებში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი ირანისტები, მთარგმნელები: მზია ბურჯანაძე, მარინე ალექსიძე, ნომადი ბართაია, მზეო ჭინჭარაული, თიკა წიკლაური და სხვები.