ელდარ შენგელაიას მასტერკლასი “პიონერფილმში“
18 თებერვალი 2016 წ.

 

18 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია "პიონერფილმს" (ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე) ესტუმრა ცნობილი კინორეჟისორი, არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული, საქართველოს სახალხო არტისტი ელდარ შენგელაია. სტუდიის მოსწავლეებმა ისაუბრეს დიდი რეჟისორის ცხოვრების გზაზე, წარმოადგინეს მის მოგონებები ოჯახზე, სახელოვან მშობლებზე, წაიკითხეს ცნობილი ქართველი რეჟისორის, ნიკოლოზ შენგელაიას ლექსები. შედგა ელდარ შენგელაიას პრესკონფერენცია-მასტერკლასი, რომელსაც ნორჩმა რეჟისორებმა დაუსვეს კითხვები მის შემოქმედებაზე, ფილმების გადაღების, მსახიობების შერჩევისა და სხვა შემოქმედებით პროცესებზე, იმაზე, თუ რამ განაპირობა მისი პროფესიული არჩევანი, ცნობილი პერსონაჟების პროტოტიპებზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე. ელდარ შენგელაიამ მოზარდებს მისცა საგულისხმო რჩევები, აღნიშნა, რომ რეჟისურა ძალზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, მრავალმხრივ განათლებას მოითხოვს. თავის მხრივ, „ პიონერფილმელებმა" სტუმარს მოუთხრეს თავიანთ საქმიანობაზე, სასწავლო პროცესზე, იმაზე, რასაც სტუდია „პიონერფილმში" სწავლობენ, ასევე, სამომავლო შემოქმედებით გეგმებზე. დასასრულს, სტუმარმა და მასპინძლებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.