ტიგრან პეტროსიანის მემორიალი
15 მარტი 2016 წ.

 

15-20 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში (ხელმძღვანელი ნანა ალექსანდრია) ტარდება ტიგრან პეტროსიანის მემორიალი ჭადრაკში. გაიმართება 4 ტურნირი 8 და 10 წლის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად.
ტურნირის ორგანიზატორები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის ჭადრაკის ფედერაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. ტურნირში მონაწილეობენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეები, პერსპექტიული ნორჩი მოჭადრაკეები. 
2016 წლის ტურნირი ეძღვნება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 75 წლის იუბილეს და ასევე, სასახლეში ჭადრაკის კაბინეტის დაარსების 75 წლისთავს - ტიგრან პეტროსიანი ამ კაბინეტის ერთ-ერთი პირველი მოსწავლე იყო. ამ ღირსშესანიშნავ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოეწყობა ფოტო-გამოფენა.
მემორიალის ჩატარების მიზანია, თბილისმა გაიხსენოს მის წიაღში აღზრდილი მსოფლიოს ჩემპიონი, პატივი მიაგოს მის სახელს და შეახსენოს საჭადრაკო სამყაროს, რომ თბილისში დაბადებული ტიგრან პეტროსიანის საჭადრაკო კარიერის მნიშვნელოვანი წარმატებები სწორედ მის მშობლიურ ქალაქს, თბილისს უკავშირდება. ასევე, ნორჩი მოჭადრაკეების გამოცდილებისა და მომზადების დონის ამაღლება.