70-ე საიუბილეო სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია
23 აპრილი 2016 წ.

23 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა 70 -ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელშიც საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეებისა (სახლების) და ცენტრების VIII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მიზანია მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევის, ანალიტიკური უნარის გამოვლენა, თვითგამოხატვისა და საკუთარი ნააზრევის წარმოჩენა.

კონფერენციის 28 სექციაში მოსწავლეებმა მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სხვადასხვა სფეროში შექმნილი ნაშრომები წარმოადგინეს. სექციის სხდომებზე მოსწავლეთა ნამუშევრები შეაფასეს ცნობილმა მეცნიერებმა, სპეციალისტებმა, ჟურნალისტებმა. 
კონფერენციის საზეიმო დახურვაზე კონფერენციის ისტორიასა და დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, წარმოადგინეს კონფერენციისადმი მიძღვნილი ფილმი. 
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და დამსწრე საზოგადოებას მისი შედეგები გააცნო: სულ კონფერენციაზე 3163 ნაშრომი იყო წარდგენილი. პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა 350 მოსწავლე, მეორე ხარისხის დიპლომით - 1293, 1017 თემის ავტორს კი წარმატებისთვის სიგელი გადაეცა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სიგელით კონფერენციაში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა 18 მოსწავლე, მათ სიგელები გადასცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების პროგრამების განყოფილების წარმომადგენელმა რუსუდან საგინაშვილმა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი გადაეცა 6 მოსწავლეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სიგელი - 6 მოსწავლეს, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სიგელი - 1 მოსწავლეს. ღონისძიების მხარდამჭერებმა გამარჯვებულები დაასაჩუქრეს, საქველმოქმედო ფონდმა „იავნანამ" გამარჯვებულებს პლანშეტები და პერსონალური კომპიუტერი გადასცა. 
„წარმატებული სასახლელის" საპატიო წოდება ამჯერად მიენიჭათ: მწერალ დათო ტურაშვილს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნუგზარ კანდელაკს, ჟურნალისტ გია ჭანტურიას, თეატრმცოდნეს, ტელეწამყვან ნიკა წულუკიძეს, ჟურნალისტს, მუსიკალური ბიზნეს კომპანია "ბრავო რექორდსი-ს" პრეზიდენტ ზაზა შენგელიას, ბიზნესმენ კობა გილაშვილს. 
საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა მუსიკალური ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა".