|
ნორჩ მეგზურთა შეკრება
![]() 06 ივნისი 2016 წ.
![]() 5 ივნისს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ორგანიზებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა ნორჩ მეგზურთა პირველი შეკრება ,,მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ". მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობის კაბინეტის, ქვეყნის 14 რაიონის სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქვეყნის მასშტაბით შერჩეული ტურისტული მარშრუტების პრეზენტაცია სხვადასხვა ენაზე სლაიდ-შოუს თანხლებით. ღონისძიების ფარგლებში, ნორჩმა მეგზურებმა თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, აფხაზეთიდან, სიღნაღიდან, მარნეულიდან, რუსთავიდან, ბორჯომიდან, სენაკიდან, საჩხერიდან, ლაგოდეხიდან, საგარეჯოდან, რომლებიც ფლობენ უცხო ენებს, ისაუბრეს თბილისის, სხვადასხვა რაიონის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებზე, მათთან დაკავშირებულ ისტორიულ ფაქტებზე, სახელწოდების ეტიმოლოგიაზე, ამა თუ იმ კუთხესთან, ისტორიულ ძეგლთან დაკავშირებულ ცნობილ მოღვაწეებზე. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა აიმაღლონ უნარ-ჩვევები ამ სფეროში, შეძლონ მეგზურობა გაუწიონ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში სულ უფრო იზრდება, ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მზადდება სერვის-კადრები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა, ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ხელმძღვანელმა ქეთევან გელაშვილმა ისაუბრეს პროექტის დიდ მნიშვნელობაზე, სამომავლო გეგმებზე, მოზარდი თაობის ტურიზმის სფეროს პროექტებში ჩართვის აუცილებლობასა და ეფექტურობაზე, მათ შეკრების ნორჩ მონაწილეებს წარმატება და დასახული მიზნების განხორციელება უსურვეს. დასასრულს, გაიმართა კონცერტი სასახლის ვოკალური, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და სტუმრების მონაწილეობით, ასევე, შეკრების მონაწილეების - მოსწავლეებისა და პედაგოგების საზეიმო დაჯილდოება.
|












