პროექტი „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!“
22 ივლისი 2016 წ.

21 ივლისს  მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმში  დაიწყო  და სამ დღეს გაგრძელდება ძალზე მნიშვნელოვანი  აქცია  პროექტის  „სჯობს სახელისა მოხვეჭა  ყოველსა მოსახვეჭელსა!"   ფარგლებში;   ღონისძიების მონაწილეები  გენიალური    ,ვეფხისტყაოსნის"  სტროფებს  კალმით  გადაწერენ;  საბოლოოდ, შეიქმნება  უნიკალური ხელნაწერი წიგნი.     

აქციაში  მონაწილეობა მიიღო და ყველა მონაწილეს  წარმატება უსურვა მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის  დირექტორმა ნოდარ ავდალიანმა.  „ვეფხისტყაოსანი" გადაწერეს   სასახლის მოსწავლეებმა,  პედაგოგებმა, თანამშრომლებმა,  ასევე სხვა მსურველებმა, სხვადასხვა პროფესიისა და  თაობის ადამიანებმა.  

პროექტის, რომლის  ხელმძღვანელია ჟურნალისტი მაია ტყემალაძე,   მიზანია  შოთა რუსთაველის  შემოქმედების,  გენიალური  პოემის, ქართული ანბანის  პოპულარიზაცია, მის გარშემო ყველა თაობის ადამიანის შემოკრება და გაერთიანება; მისი მასშტაბი დღითიდღე  ფართოვდება.   აქციის მონაწილეები კალმით  წერენ პოემის თითო სტროფს და მათი ხელნაწერები, საბოლოოდ, ერთ წიგნად აიკინძება. ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის"  საზეიმო წარდგენა  სექტემბრის  ბოლოს  გაიმართება. აღსანიშნავია,  2016 წელი გაერომ,  მწერლის იუბილესთან დაკავშირებით,  შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.