26-27 იანვარს, პოლონეთში, კრაკოვში, EAICY - ბავშვთა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაცია, კრაკოვის ჯორდანის სახელობის ახალგაზრდობის ცენტრთან თანამშრომლობით სამუშაო სესიას და პრეზიდიუმის სხდომას გამართავს. ამ მნიშვნელოვანი აქტივობის მიზანია ორგანიზაციის მომდევნო 4 წლის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიმართულებების და მათი იმპლემენტაციის, განხორციელების გზების დასახვა, ევროპის ქვეყნებში ბავშვთა და ახალგაზრდობის არაფორმალური სწავლების დონის ამაღლების მიზნით მძლავრი საერთაშორისო პარტნიორული ქსელის შექმნა და მომავალი კოორდინირებული საქმიანობის შესახებ შეთანხმების მიღწევა, პროექტების დაგეგმვა, ასევე სხვადასხვა საორგანიზაციო და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა. EAICY -ს სესიის მუშაობაში მონაწილეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ლევან დვალი.
სასახლე მუშაობს ნოვაციებისა და მეთოდური მუშაობის ცენტრის გაძლიერებასა და მისი რესურს ცენტრად გარდაქმნაზე, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში 2016 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა სასახლისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ 2017-2021 წლების სტრატეგიის დოკუმენტს (45 ხელმომწერი ორგანიზაცია მთელი საქართველოდან), რის გამოც EAICY-სთან თანამშრომლობას, მეთოდოლოგიების გაზიარებასა და საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას სასახლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე EAICY-ის პრეზიდიუმის არჩეული წევრია, მის კანდიდატურას მხარი 17-მა ორგანიზაციამ დაუჭირა. EAICY- ბავშვთა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების ორგანიზაციათა ევროპული ასოციაცია ქ. პრაღაში 1991 წელს დაარსდა. ორგანიზაციის საქმიანობა მრავალმხრივი და ფართოა, მისი ძირითადი მიზანი მოზარდთა არაფორმალური, სკოლისგარეშე განათლების სისტემის განვითარებაა.