საქველმოქმედო აქცია – კონცერტი "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით"
19 ივნისი 2012 წ.

საქართველოს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო აქცია – კონცერტი "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით". ღონისძიება ითვალისწინებდა სოციალური თერაპიის სახლში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებას.

ღონისძიება სსიპ საქართველოს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და საინიციატივო ჯგუფ "ადენისი"–ს ორგანიზებით და ქ. თბილისის მერიის და ხელოვნების სკოლა "გალა"–ს მხარდაჭერით განხორციელდა.

აქცია – კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შემოქმედთა სტუდიის მოსწავლეებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედთა კლუბ "ლემადეს" სტუდენტებმა, ხელოვნების სკოლა "გალა"-ს მოსწავლეებმა და ქართული ესტრადის (ჯეოსტარი) მომღერლებმა. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა პროზაული მინიატურები, ნაწყვეტები სხვადასხვა სპექტაკლებიდან, ლექსები და მუსიკალური ნომრები. ასევე მოეწყო ხელოვნების სკოლა "გალა"–ს და სოციალური თერაპიის სახლის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა სახლის აღსაზრდელებს. დასასრულს, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა ღონისძიების ორგანიზატორები და კონცერტში მონაწილე ბავშვები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა.

ღონისძიების ჩატარების მიზანი იყო სოციალური თერაპიის სახლში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში და მოქალაქეების მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. საქართველოს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მსგავსი სახის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.