ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-18 შეკრება
21 ნოემბერი 2016 წ.

 

 20 ნოემბერს,  მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში გაიმართა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-18 შეკრება, მიძღვნილი ვახტანგ  კოტეტიშვილის სახელობის ფოლკლორის კაბინეტის  25-ე  წლისთავისადმი. შეკრებაში მონაწილეობდნენ  საჯარო და კერძო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და სხვა სკოლისგარეშე, არაფორმალური  განათლების დაწესებულებების VI- XII კლასების  მოსწავლეები  საქართველოს ყველა რეგიონიდან,  250-ზე მეტი მონაწილე.

 სექციური სხდომები წარმართეს სასახლის პედაგოგებმა ცისანა ხაზარაძემ, ნინელი ჩიხლაძემ, რუსუდან ყიფიანმა, ნელი ნიკურაძემ.   

შეკრების მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო  ნაშრომები ფოლკლორის თემატიკაზე, მათ მიერ მოძიებული და ჩაწერილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები: ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, ანდაზები, ასევე, ხალხურ მოტივებზე შექმნილი მუსიკალური ნომრები; სარკეებიან დარბაზში გაიმართა კონცერტი სხვადასხვა რეგიონის ანსამბლების მონაწილეობით.

სასახლის თეთრ  დარბაზში გამოიფინა  ფოლკლორის თემაზე შექმნილი  სახვითი და  გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ნახატი, ქანდაკება, ჭედურობა, ნაქარგი, თექისა და ქეჩის ნაწარმი.

 ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-18  ტრადიციული შეკრების მიზანია ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, უნიკალური ტექსტების გადარჩენა.

 შეკრების წარმატებული  მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა  და  საჩუქრებით, მათ შორის „ფინკა" ბანკის წიგნებით.

ღონისძიების  მონაწილეების ნაშრომები შეაფასეს,  მისი მუშაობა შეაჯამეს  ცნობილმა ფოლკორისტებმა.